დღეს, 29 იანვარს, 14:00 საათზე, ლიტერატურულ კაფე "ქარავანში" გამოცდების ეროვნული ცენტრი "მასწავლებლის ბიბლიოთეკის" სერიით გამოცემული ხუთტომეულის (ქართული ენა და ლიტერატურა) პრეზენტაციას გამართავს.
ხუთტომეული გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფმა მოამზადა. გამოცემაში თავმოყრილია ზოგიერთი ისეთი კვლევა, სტატია და ესე, რომელთა მოძიებაც დღეს მხოლოდ ბიბლიოთეკებში შეიძლება და ყველა პედაგოგისა თუ ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
პირველ ტომში შეტანილია სტატიები ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებისა და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ეტაპების შესახებ, განხილულია ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის მნიშვნელოვანი საკითხები; მეორე ტომი ეთმობა ქართული ენის გრამატიკის ძირითად პრობლემებს; მესამე ტომში შესულია გამოკვლევები ძველი ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების შესახებ; მეოთხე ტომში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურას ეძღვნება; მეხუთე ტომი კი XX საუკუნის ქართული მწერლობის შესახებ შექმნილ გამოკვლევებს აერთიანებს.
კრებულის ცალკეულ ტომებში შეტანილია აგრეთვე ნაშრომები, რომლებშიც ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების ანალიზია მოცემული. გამოცემაში შესულია 50-ზე მეტი ავტორის ნაშრომი. მათ შორის აკაკი შანიძის, არნოლ ჩიქობავას, პავლე ინგოროყვას, კორნელი კეკელიძის, ბაჩანა ბრეგვაძის, რევაზ თვარაძის, მზექალაქ შანიძის, დამანა მელიქიშვილის, შუქია აფრიდნოძის, რევაზ სირაძისა და სხვათა ნაშრომები.
პრეზენტაციას კრებულში თავმოყრილი სტატიების ავტორები დაესწრებიან
ხუთტომეული მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პედაგოგებს, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებს, ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ საზოგადოებას.