დღეს, 27 ნოემბერს, 11:30 საათზე, "ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის" (UGPN) ორგანიზებით სასტუმრო "თბილისი მარიოტის" სამეჯლისო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში".
კონფერენციაზე განიხილება საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ისრაელში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და მისი შემდგომი დოკუმენტების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი და ამოცანები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დენის კიფი (დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში), გიორგი ბარამიძე (სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში), დავით დარჩიაშვილი (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე), ევროკავშირის წარმომადგენლობა და მოწვეული სტუმრები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ისრაელი).
"აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაწყების შემდეგ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება რჩება როგორც გამოწვევად, ისე შესაძლებლობად, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებმა ბოლომდე უნდა გამოიყენონ", _ ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა აღმოსავლეთ მეზობელმა აქტიური და მზარდი დამოუკიდებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოებები განავითარა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი დიდწილად სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის მიღმა დარჩა.
"სამოქალაქო საზოგადოების შინაარსიან მონაწილეობას, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგის განხორციელებაში, შეუძლია გაზარდოს აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების მთავრობების ანგარიშვალდებულება რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს იმ სიკეთის მატერიალიზაციას, რასაც ეს ინსტრუმენტი მათ ქვეყნებს სთავაზობს. ამდენად, კონფერენცია მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის შეფასებას, ასევე პასუხის გაცემას კითხვებზე თუ რატომ, როგორ და რომელ სფეროებში უნდა/შეიძლება გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ პროეცესში", _ აცხადებენ ისინი.