ზურაბ აბაშიძემ 2015 წელს განცხადება გააკეთა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აცდა ევროპულ გზას, დღეს ის „ქართული ოცნების“ დეპუტატია და დაწინაურებულია მას შემდე, რაც მისი მეგობრები დააკავეს“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მინდა ცოტნე ივანიშვილს [ბიძინა ივნიშვილის შვილს] მოვუყვე, ისტორია პოლიტიკოს ზურაზე. პოლიტიკოსი ზურა 2004-2005 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-დან 2007 წლამდე იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემდეგ პოლიტიკოს ზურას დაუჭირეს თანაპარტიელები და პოლიტიკოსმა ზურამ 2015 წელს განცხადება გააკეთა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აცდა ევროპულ გზას. ეს პოლიტიკოსი ზურა, არის ზურა აბაშიძე. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დღეს და დაწინაურებული მას შემდე, რაც მისი მეგობრები დააკავეს, მის [ცოტნე ივანიშვილის] მამას ბრალი დასდო, რომ აცდა ევროპულ გზას, ეს არის ერთი პოლიტიკოსი ზურა. მეორე პოლიტიკოსი ზურა არის ზურა ჯაფარიძე, რომელმაც ნული დღე გაატარა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში. მინდა ცოტნემ მამამისს ჰკითხოს, რომელი საქციელი უფრო პრინციპულია, პოლიტიკოსი ზურა აბაშიძის თუ ზურა ჯაფარიძის. ამ კომისიამ [პარალმენტის საგამოძიებო კომისია] ასეთი დასკვნა რომ დადოს: რამდენი დღეც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის და ხელისუფლების ნაწილი იყო, იმდენი დღე, რომ ციხე მიესაჯოს, მისი პარლამენტის დეპუტატს რამდენი დღე შეხვდება. ამ პრინციპით რომ გავყვეთ, ვთქვათ, ზურა აბაშიძეს რამდენიმე წელი ხომ არ შეეფარდებოდა და ზურა ჯაფარიძეს ნული დღე ხომ არა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გვაცხოვრებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასასჯელი კომისიით, ის ხალხი არ ისჯება, რომელიც მისი ნაწილი იყო, და ისჯება ზურაბ ჯაფარიძე. მე არ მიყვარს ხოლმე რაღაც ცუდი ლაპარაკი, არც გინებები მახასიათებს, სულ მინდა ხოლმე ისე ვისაუბრო, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც მიხვდეს. ზურაბ აბაშიძე საკრებულოში წინ მეჯდა ხოლმე და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო მე მაკრიტიკებდა, ადამიანი, რომელიც თანამდებობაზე იყო. ასეთი ტიპის მორალში რომ ვცხოვრობთ, რა ტიპის ქვეყანა შენდება, რომ დავფიქრდეთ. ზურა ჯაფარიძე, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნული დღე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი, დღეს ოჯახთან ერთად არ არის და ციხეშია და ზურაბ აბაშიძე ოჯახთან ერთადაც არის და ალბათ კარგადაც ცხოვრობს ბევრად. უნდა დავფიქრდეთ, რა მორალით ვარსებობთ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე, გუშინ, 23 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.