კომისია, ხალხისთვის როგორც სანახაობა არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, რომ უფრო გამძვინვარდებიან და დასჯით ნაწილს დაამძიმებენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისი არგამოცხადების ფაქტზე საქმის განხილვა გაიმართა.
მისი განცხადებით, ყველა პირს, ვინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, „პატიმრობის საფრთხე აქვს“.
„მეც ვიყავი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ომის გამოძიების და ზუსტად ვიცი, რა ხდება და როგორ ხდება. ფაქტია, რომ ის პროცედურები არ ჩატარებულა. დაბარებასთან მიმართებაში კენჭისყრა არ ყოფილა, მაგრამ როგორ ჩანს, ისე ჭრიან და კერავენ. აქედან გამომდინარე, არც ვიცი, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს საქმის არსებითი განხილვა“, - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე შეფარდებული 10 000 ლარის ოდენობით გირაო მას უკვე გადახდილი აქვს, სასჯელი შესაძლოა, დამძიმდეს.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, საერთაშორისო არენაზე გამოსავალი არ აქვს, ვფიქრობ, რომ კომისია, ხალხისთვის როგორც სანახაობა არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, რომ უფრო გამძვინვარდებიან და დასჯით ნაწილს დაამძიმებენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ფიგურანტს, საბოლოო ჯამში, აქვს პატიმრობის საფრთხე“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.