ახლახანს შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში აკაკის თხზულებათა ახალი აკადემიური ოცტომეულის პირველი ტომი გამოიცა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცემის პასუხისმგებელმა მდივანმა ჯულიეტა გაბოძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველი ათი ტომი რუსთაველის ეროვნული ფონდის ხელშეწყობით მომზადდა, თუმცა გამომცემლის არ არსებობის გამო გამოცხადდა ხელმოწერა, რომელიც ამჟამადაც გრძელდება.
ჯულიეტა გაბოძე აცხადებს, რომ აკაკის გამოცემა ხუთი ტომით გაიზარდა. გამოცემას შეემატა დღემდე უცნობი, ან ნაკლებად ცნობილი ლექსები, უცნობი პოემა, რამდენიმე მხატვრული ჩანახატი, ათობით პუბლიცისტური და პირადი წერილი თუ დოკუმენტი.
გამოცემის პასუხისმგებელი მდივნის თქმით, მასალის დიდი ნაწილი ცარისტული რუსეთის მწვავე კრიტიკის გამო აკრძალული იყო.
"ამჟამად ყველაფრის გამოქვეყნება შესაძლებელია. თუმცა ისტორია მეორდება და ფინანსური მიზეზები კვლავაც აბრკოლებს დიდი პოეტის სანუკვარ ოცნებას, რომ სრულად გამოცემულიყო მისი ნაწერები,"_ აცხადებს ჯულიეტა გაბოძე.