"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას ინფლაციის დაძლევის კონკრეტულ გეგმას სთავაზობენ. ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური (როგორც მონეტარული, ისე ფისკალური) პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ინფლაციამ, განსაკუთრებით სურსათის ფასებზე, საშიშ ზღვარს მიაღწია. ტელეშოუმ "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის" კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლებას არა აქვს გაცნობიერებული ასეთი მასშტაბის ინფლაციის შედეგები, ნაკლებად გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მოსახლეობის წინაშე, ვისაც ინფლაციური პროცესები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს და არ გააჩნია მისი მოთოკვის სამთავრობო პროგრამა. ასეთი მიდგომის შედეგად, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში სიტუაცია დამძიმდეს", - აღნიშნა გამყრელიძემ.
"ახალი მემარჯვენები" შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინფლაციური პროცესების შესაჩერებლად ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებას ურჩევენ. კერძოდ კი, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით მთავრობამ დაუყოვნებლივ დააბრუნოს პარლამენტში ხელახალი განხილვისთვის, 2011 წლის საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯვითი ნაწილით.
მისი თქმით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი შემცირება, საშუალებას მისცემს შემცირდეს ისეთი გადასახადები, როგორიც არის დღგ და აქციზი.
"სწორედ ეს გადასახადები პირდაპირ ზრდის პროდუქციისა და მომსახურების ფასს და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს. ამავე დროს, არაპირდაპირი გადასახადების შემცირება სერიოზული სტიმული გახდება ქვეყნის შიგნით ეკონომიკური აქტივობისთვის. ხელოვნური მონოპოლიების აღკვეთის მიზნით, მოიხსნას ხელისუფლების მხრიდან საბაჟოზე არსებული არაოფიციალური შეზღუდვები სურსათის და ფართო მოხმარების პროდუქტების იმპორტზე. დღესდღეობით დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბენზინის, პურის ფქვილის, ხორბლის, შაქრის, ზეთის, მარილის და სხვა ფართო მოხმარების პროდუქტების იმპორტი, მხოლოდ ხელისუფლების მიერ ნებადართული კომპანიებით შეიძლება განხორციელდეს", - აცხადებს "ახლების" ლიდერი.
მისი შეფასებით, "დაშინებული" ადგილობრივი ბიზნესის გამოსაცოცხლებლად საქართველოს პარლამენტმა, უმოკლეს ვადაში უნდა შეიტანოს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში ეკონომიკური დანაშაულის გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების აკრძალვის თაობაზე.
"საქართველოში სასოფოლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციები, წარმოება და გადამუშავება უახლოესი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდეს ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისგან.
თუ ამ ტიპის წახალისება მისაღებია სასტუმროების მშენებლობისთვის ქობულეთსა და ანაკლიაში, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად? ხელისუფლება სწორედ საკვები პროდუქტების ადგილზე წარმოების სტიმულირებით უნდა დაუპირისპირდეს მსოფლიო ბაზრებზე ფასების მოსალოდნელ მატებას", - მიაჩნიათ "მემარჯვენეებს".