ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივნის ზაზა გაბუნიას მიერ საახალწლო ღონისძიებებისათვის თანხების გაუმართლებელ ხარჯვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" წარმომადგენელმა.
კოკი იონათამიშვილის თქმით, ახალი წლის მთელი რიგი ღონისძიებების რესურსი ჯერ კიდევ გასულ წლებში შეიძინეს. კერძოდ, ყველა ილუმინაცია, ნაძვის ხე, ყინული, საახალწლო სახლები წლების წინ არის შეძენილი. იონათამიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ საახალწლო ღონისძიებისთვის მინიმალური თანხა დახარჯულიყო.
"კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსარულებლები, რათა ისინი წაგვეხალისებინა. დანახარჯები აბსოლუტურად შეესაბამებოდა მოთხოვნებს, რომელიც უნდა გააჩნდეს ისეთ ქალაქს, როგორიც თბილისია. დედაქალაქში, რომელსაც აქვს განვითარების ამბიცია, ასეთი ღონისძიებები უნდა იმართებოდეს,"_აღნიშნა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატების" მდივანმა ზაზა გაბუნიამ დედაქალაქის მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისთვის თანხების გაუმართებელ ხარჯვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დახარჯული თანხა გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე თბილისის მთავრობის მიერ დასახელებული 411 837 ლარია.