საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით და ებრაელ ქალთა ორგანიზაციების მხარდაჭერით, თბილისის დიდ სინაგოგაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის 26 საუკუნოვანი ისტორიით, თუმცა არასდროს უნდა დავივიწყოთ ის ტრაგედია, რომელიც 1933-1945 წლებში მოხდა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია კაცობრიობის ისტორიაში, რომლის დროსაც 6 მილიონი ადამიანი, მათ შორის მილიონ ნახევარი ბავშვი მარტო იმიტომ განადგურდა, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. გაეროს რეზოლუცია მოგვიწოდებს, რომ აღნიშნული ტრაგედია არასდროს დავივიწყოთ", - აღნიშნა კერვალიშვილმა.
ღონისძიება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2005 წელს მიიღებული რეზოლუციიის 60/7 საფუძველზე საქართველოში წელს პირველად ჩატარდა.
რეზოლუციის თანახმად, 27 იანვარი გამოცხადებულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ. რეზოლუცია ადასტურებს, რომ ჰოლოკოსტის დროს განადგურებული იქნა ებრაელი ერის ერთი მესამედი და წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას ყველა ადამიანისთვის იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს მოიცავს თავის თავში ზიზღი, ფანატიზმი და რასიზმი.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ თოდუა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერგი, გაეროს კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.