ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2005 წლის ივლისში მომხდარი მისი ცემის შემთხვევა გაიხსენა.
„ჯავშნიანი მანქანა მყავდა და საქართველოში დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი. მყავდა პირადი დაცვაც. „თბილისი მარიოტის“ მეორე მხარეს მეყენა ღამით მანქანა და რაღაცები გადამიჭრეს, დააზიანეს, იძულებული ვიყავი, ავტომობილი სერვისში გამეგზავნა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, ორმა შინდისფერმა მანქანამ გამიკეთა ბლოკირება და უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტა სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი. ჯერ ავტომატი დაცალეს, შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, ავტომობილის უკანა და გვერდითა შუშები ჩამიმსხვრიეს. დაცვა გადავიდა, ხელები აწია, მეც გადავედი. თავად იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ, მეც ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ და მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო, კონდახი მომარტყა სახეში. ძირს დავვარდი, მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავიკეთე სახის, რათა სახეზე დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თავში მირტყამდა ჩექმებით, ხელები სულ დაღვლეპილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავჩერდი, გავიყინე, რათა თავი დაენებებინათ, თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. შემდეგ იარაღი ამომაცალეს და წავიდნენ. მაშინვე ავდექი, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, თვალის უპეები მქონდა ძალიან დასივებული, სისხლი მომდიოდა. იქვე სამრეცხაო იყო. ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც. იქ დამსვეს და მაშინვე დარეკა მეუღლემ ვილნიუსიდან. ვუთხარი, სასწრაფოდ თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან, თორემ არ მაცოცხლებენ-მეთქი. ეს ხდება 2005 წლის 14 ივლისს. თვითმფრინავი ჩამოვიდა 19 საათში, მანამდე საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ და შარდმდენს არ მიკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი. საავადმყოფო იყო „მიხაილოვის“, დღეს აღარ არის. 19 საათში თვითმფრინავი ჩამოვიდა, ჩემი სამეგობრო ექიმები ჩამოვიდნენ და თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, აღმოჩნდა, გაფრენა არ შეიძლებოდა, რადგან გავსკდებოდი, წყლით მქონდა სავსე ფილტვები. იქვე ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია გამიკეთეს, სითხისგან გამათავისუფლეს და შემდეგ გავფრინდით ვილნიუსში. ექიმებმა, რეანიმატოლოგებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან და გავფრინდი ვილნიუსში. სამ-ოთხ დღეში გავიკეთე შვიდსაათიანი ოპერაცია, თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.