ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის მინდელის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა განუცხადა.
მაღაროლელები იმ ორი დაკავებეული პირის განთავისუფლებას ითხოვენ. ისინი სამუშაოზე გასვლას მანამდე არ გეგმავენ, ვიდრე ედემ სტურუა და გიორგი დევდარიანი არ იქნებიან განთავისუფლებულები.
როგორც მაღაროს თანამშრომლები აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული და მათი დაკავება შესაბამისად უკანონოა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 22 იანვარს, ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები - მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი დააკავა.
დანაშაულში ეჭვმიტანილებმა დადგენილი უსაფრთხოების წესების იგნორირებით გასცეს ბრძანება ეწარმოებინათ ასაფეთქებელი სამუშაოები, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მაღაროელი, ხოლო ოთხმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ხელმძღვანელი ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი ეჭვმიტანილი არიან სამთო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დაღვევაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.