ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ადღულაძის თქმით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახი სასტუმროში გაჰყავთ.
როგორც ანდღულაძემ განაცხადა, დღევანდელ შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.
"დავათვალიერეთ, მიმდინარეობს მოკვლევა და იტყვიან რასაკვირველია ყველაფერს, დასკვნა დაიდება. ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. ღია ცის ქვეშ არავინ არ დარჩება. პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩვენ ქირით გავიყვანთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე და მერე გლობალური მასშტაბით ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ უარი განაცხადეს. ასე რომ მუნიციპალიტეტს, მერიას და გამგეობას ყველასთან ჰქონდა შეთავაზება, რომ ქირით გასულიყვნენ და შემდგომ გვეზრუნა ამ გლობალური მასშტაბის პრობლემის მოსაგვარებლად“, - თქვა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, აფთიაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მუშებმა საყრდენი კედელი დააზიანეს და ფიქრობენ, რომ ამან გამოიწვია ნგრევა.
„რემონტი დაიწყო აფთიაქმა. ასე თქვეს, საყრდენი კედელი აქვს გამოღებულიო და ამან გამოიწვია ზედა სართულების ჩამონგრევა. აქ მცხოვრებელმა შეამჩნია, კედელია გაბზარულიო. გამოვიდა მოსახლეობა, ყველა, აბსოლუტურად. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გაიხსნა ყველაფერი და ჩამოინგრა“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. მათ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.