ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ უოლცმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ტელეარხ CBS News-თვის გახდა ცნობილი.
თანამდებობას ტოვებს მისი მოადგილე ალექს ვონგიც.
მათი გადადგომა, სავარაუდოდ, უკავშირდება ინციდენტს, როდესაც The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ უოლცმა ის შემთხვევით ჩაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი კონფიდენციალურ ინფორმაციას - იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.
ინციდენტის შემდეგ, თეთრ სახლში შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ შიდა დისკუსიები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი უოლცს და განაცხადა, რომ მან „გაკვეთილი ისწავლა“, მრჩეველმა მაინც გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება.
წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია და ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.