თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც მუდმივ საცობებს ქმნის.
ამ ეტაპზე გელოვანის გამზირის ბოლოს დამატებითი გზის საყრდენი კედლის მშენებლობა და გვირაბის სანიაღვრე კოლექტორისა და სადრენაჟო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ასევე დავით აღმაშენებლის ძეგლს. 95 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდება შუქნიშანი და შესაძლებელი გახდება მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმამდე შეამცირებს საცობებს.
გვირაბის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
თბილისის მერი გიგი უგულავა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.