საქართველოში სტუმრად მყოფი ბოლივუდის პროდიუსერები საქართველოში 6 დღის განმავლობაში დარჩებიან და კინო გადაღებისათვის საქართველოში არსებულ სიტუაციას უშუალოდ დააკვირდებიან.
როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ბოლივუდი საქართველოში ფილმების გადაღებითაა დაინტერესებული. მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბოლივუდისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში ფილმების გადაღება პრიორიტეტული გახდა.
"ბოლივუდი უზარმაზარ კინოინდუსტრიაა. დღეისათვის ბოლივუდის შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე ჰოლივუდის და ბოლივუდში უფრო მეტ ფილმებს იღებენ, ვიდრე ჰოლივუდში",- განაცხადა ვერა ქობალიამ.
მინისტრი აცხადებს, რომ ბოლივუდი საქრთველოში იმავე საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს, როგორც სხვა ნებისმერი უცხოელი ინვესტორი.
"ჩვენ მათ იგივე საგადასახადო პირობებს ვთავაზობთ, თუმცა მაქსიმალურად დავეხმარებით ინფრასტრუქტურის მხრივ. ყველას კარგად გახსოვთ, როდესაც საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს შეეხებოდა, საქართველოს მთავრობა ამერიკელ პროდიუსერებს მაქსიმალურად დაეხმარა ინფრასტრუქტურის მოძიებაში და ეს პროცესი მათთვის საკმაოდ იაფი დაჯდა",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი ინდოელ პროდიუსერთა დელეგაცია საქართველოზე პატარა დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელსაც ბოლივუდის მაყურებელს შესთავაზებს, რითაც მსოფლიოს სხავადსხვა ქვეყნები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეიტყობენ.
ბოლივუდის პროდისერთა გუნდი აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ინდოელი პროდიუსერები საქართველოში მსახიობთა კასტინგსაც ჩაატარებენ.
"სიდჰი ვინაიაკ ქრიეშენზის" თანაპროდიუსერები ვარუნ ბაჯაჯი აცხადებს, რომ საქართველოში კინოგადაღებისათვის საჭირო ვითარებას გაეცნობიან. მისი განმარტებით, თუკი გადაწყვეტილება დადებითად იქნება მიღებული, მაშინ ბოლივუდი საქართველოში რამდენიმე ფილმს გადაიღებს და გადაღებები ძირითადად ბუნებაში მოხდება.
ინდოელი პროდიუსერები ამბობენ, რომ საქართველოში ძირითადად ტრილერებისა და ექშენების გადაღებას გეგმავენ და სათანადო სცენარებიც უკვე არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საქართველოში ინდოელ პროდიუსერთა ხუთ კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა, რომელთა შორსაც არიან: ნარენდრა ბაჯაჯი - "სიდჰი ვინაიაკ ქრიეშენზი", ვარუნ ბაჯაჯი - თანაპროდიუსერი, ჩირაგ ბაჯაჯი - აღმასრულებელი პროდიუსერი, როოპ ნაიკი - "ზიპ პაპ ზუმ პროდაქშენი", ლელა სოფოვეი - შეთავაზებული კოორდინატორი (ქართულ-ინდური ბიზნესი).
2010 წლის ნოემბერში ქართული დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიას ინდური კინოს ცნობილ ვარსკვლავს, ამირხანს ესტუმრა. ამირხანმა საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მონაწილეობით ფილმის გადაღების მზადყოფნა გამოთქვა.