"დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტის გამო ძებნაშია გამოცხადებული რუსი ბოევიკი გვარად რაზდობუდკო. გამომძიებლების ვერსიით, სწორედ მან გააგზავნა მოსკოვში 2010 წლის დეკემბერში თვითმკვლელი ქალები, რომელთაგან ერთ ერთმა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბერს კუზმინსკი პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო სახლში აფეთქება მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალის ნარჩენები დახვდათ. გამოძიების ვერსიით, ქალი ამ დროს თავის აფეთქებას არ აპირებდა და აფეთქება შემთხვევით მოხდა, მას შემდეგ რაც ქალის ტელეფონზე მისალოცი სმს-შეტყობინება მოვიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოველი თვითმკვლელის თანამზრახველი მეორე ქალი ზეინარ სუნიუნოვა ვოლგოგრადში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა ქალები დაკავებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მეუღლეები არიან. ეს მებრძოლები "ნოგაისკი ჯამაატის" წევრები არიან და მათ პიატიგორსკში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
თუმცა "კომერსანტის" მტკიცებით ქალები მოსკოვში აფეთქებების მოსაწყობად საკუთარი სურვილით არ წამოსულან. არის ვერსია, რომ ისინი სწორედ რაზდობუდკომ იძულებით გამოაგზავნა, რომელიც ასევე "ნოგაისკი ჯამაატის" წევრია. ვერსიის მიხედვით იგი ქალებს შვილების წართმევით დაემუქრა.
წყაროების ინფორმაციით, რაზდობუდკო სტავროპოლის მხარის მაცხოვრებელია და იგი 2010 წლის ოქტომბრიდანაა გაუჩინარებული. მის ნათესავებს მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში განცხადებაც კი აქვთ დაწერილი. მათი ინფორმაციით, რაზდობუდკოს მკვლელობას თავად ბოევიკები გეგმავდნენ, იმიტომ რომ მას ორგანიზაციიდან წამოსვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი და 150-ზე მეტი დაიჭრა.