რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველო-რუსეთის საკითხიდან პოლიტიკური ნაწილის ამოღებას ითხოვს.
როგორც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს რუსეთის სათათბიროს საერთშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა, პოლიტიკური საკითხები ჟენევის მოლაპარაკებებზეც შეიძლება განიხილოს, ხოლო ევროსაბჭოში ძირითადად ყურადღება ჰუმანიტარულ ასპექტებზე გამახვილდება.
"მომხრე ვარ, მოხდეს რუსული და ქართული პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება. საუბარი უნდა დაიწყოს ჰუმანიტარულ საკითხებზე. ხალხი, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს, ჰუმანიტარულ პრობლემებს განიცდის და არ აინტერესებს, როგორ ვარკვევთ უერთიერთობებს სტრასბურგში", - აღნიშნა სლუცკიმ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კი ქართულ მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და, როგორც ქართველი დეპუტატები აცხადებენ, რუსეთს ევროსაბჭოს რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულების მოხსნა სურს.
"ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების არსებული სახით შენარჩუნება გრძელვადიან სტრატეგიაში ჩვენთვის მისაღებია. ამას ეწინააღმდეგებიან რუსები, რათა შეამსუბუქონ ის ფორმულირებები, რომელსაც ეს დოკუმენტები აკისრებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს", - აღნიშნა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა.