ხვალ, 27 იანვარს, 05:40 საათზე, საქართველოში ბოლივუდური ფილმის გადაღებისთვის საჭირო გარემოს შესასწავლად ინდური საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები ჩამოდიან.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, საქართველოში ჩამოდიან ნარენდრა ბაჯაჯი - "სიდჰი ვინაიაკ ქრიეშენზი", ვარუნ ბაჯაჯი - თანაპროდიუსერი, ჩირაგ ბაჯაჯი - აღმასრულებელი პროდიუსერი, როოპ ნაიკი - "ზიპ პაპ ზუმ პროდაქშენი", ლელა სოფოვეი - შეთავაზებული კოორდინატორი (ქართულ-ინდური ბიზნესი).
პროგრამის თანახმად, 11:30 საათზე ინდოელ კონომწარმოებელთა ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას შეხვდება. 12:30 საათზე იგეგმება შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან, 13:00 საათზე - შეხვედრა "ქართული ფილმის~ ხელძღვანელ არჩილ მენაღარიშვილთან (ახმეტელის გამზირი # 10ა).
14:00 საათზე "ქართული ფილმის ცენტრში" ქართული ფილმის "ჩემი ბებიას~ პრეზენტაცია გაიმართება. 17:00 საათზე კი დაგეგმილია ქართველ მსახიობთა შესარჩევი კასტინგი.
"ბოლივუდში ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ფილმების სხვადასხვა ქვეყანაში გადაღება. ამით ჩვენც დავინტერესდით და დავუკავშირდით ყველაზე დიდ საპროდიუსერო კომპანიებს, რომლებიც ბოლივუდური ფილმების გადაღებაზე მუშაობენ", - განაცხადა ორი თვის წინ ვერა ქობალიამ.
მისი განმარტებით, ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ფილმზე მომუშავე რამდენიმე ათას პირს მოუწევს ჩამოსვლა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება "სავსებით რეალურად" მიაჩნია.
"ჩვენი ლანდშაფტი მრავალფეროვანი, ფილმის კეთებისთვის საჭირო პირობები კი იაფია, ამიტომაც ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება სავსებით რეალურია", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ოქტომბერში ქართული დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიას ინდური კინოს ცნობილ ვარსკვლავს, ამირხანს ესტუმრა. ამირხანმა საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მონაწილეობით ფილმის გადაღების მზადყოფნა გამოთქვა.