ხვალ, 27 იანვარს, 17:00 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება 2010 წლის 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერებს. წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს.
საღამო ტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის და ტურისტული კომპანია "თებულოტურის" მხარდაჭერით.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
თეონა ქუმსიაშვილი ბავშვობიდან აქტიურად მონაწილებდა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებზე. იყო ანსამბლ "სიონის ზარების" სოლისტი. წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლოალბომი "ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული".
იგი 27 იანვარს 27 წლის გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზაზე მომავალი მანქანა გადავარდა ადიდებულ მდინარეში, სადაც 10 ადამიანი იჯდა - თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.