სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.
გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.
„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს - გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ - განაცხადა გახარიამ.