ეს სისტემა, ქართული სახელწოდებებისა და ლოზუნგების მიუხედავად, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნულ თვითშეგნებასა და თავისუფლების სულისთვის, - ამის შესახებ Facebook-ზე არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა წერს.
„სისტემა მახინჯია არა მხოლოდ თავისი სტრუქტურით, არამედ, უპირველესად, შინაგანი ბუნებით. იგი მაამებლურია, ფუჭი გარეგნულობითაა მოცული და არ მალავს თავის ნამდვილ, ღია რუსულ ხასიათს - მტრულს, დამონებისმოყვარეს, ბოროტის გამტარს. ეს სისტემა, ქართული სახელწოდებებისა და ლოზუნგების მიუხედავად, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნულ თვითშეგნებასა და თავისუფლების სულისთვის.
უკვე ორი საუკუნეა, რაც რუსეთი იბრძვის ქართული იდენტობის, დამოუკიდებლობისა და სულიერი ღირსების წინააღმდეგ - შეუპოვრად, დაგეგმილად, ცბიერად. დღესაც, 21-ე საუკუნეში, მისმა აგენტურმა ქსელებმა მყარად ჩაიგდეს ხელში ქვეყნის მართვის ბერკეტები. ჩვენივე თანამემამულეების მეშვეობით ხდება ბრძოლა ქართველი ადამიანის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, 80-90-იანი წლების თაობა, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები, ბოლომდე ვერ გათავისუფლდნენ იმპერიული ლოიალობისაგან. საბჭოთა სენტიმენტები - მანეთისადმი ნოსტალგია და ილუზიური სტაბილურობის სურვილი, მათ მეხსიერებაში დღემდე ბობოქრობს. შედეგად, მათივე შთამომავლობა ან გაზარდეს დამახინჯებული იდენტობით, ან საერთოდ ვერ აღზარდეს - თაობები, რომელთაც აკლიათ მორალური ხერხემალი, შინაგანი გმირობა და მწყურვალე სული უფლისა და სიმართლისკენ.
გვჭირდება გმირები. არა ბრმა ძალით, არამედ სულის ძლიერებით მებრძოლნი, თავდადებულნი, გაუტეხელნი, გაუყიდავნი. ადამიანები, რომლებიც არ დაექვემდებარებიან დროებით სარგებელს, არ იტყვიან უარს ჭეშმარიტებაზე და არ დამალავენ სახეს, როცა სიმართლეა სათქმელი.
ღმერთო, გადმოგვხედე, რათა კვლავ აღდგეს ქართველი კაცი, როგორც თავისუფლების შვილად მოვლენილი, მახვილი გონებით, მამაცი გულითა და უდრეკი სულით“, - წერს არქიმანდრიტი.