არავის ჰქონდა ილუზია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ პროექტში პოლიტიკურ და სულიერ სტრიპტიზს მოაწყობდა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერემა მამუკა კაციტაძემ გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილის "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს" პროექტის ფარგლებში გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.
"საერთოდ თუ ვინმე ფიქრობს, რომ გუშინდელი ტელეპროექტი იმიტომ მოეწყო, რომ სააკაშვილ გულწრფელობის დემონსტრირება უნდოდა და რატომღაც მოუნდა ერთ დღეს სულიერი და პოლიტიკური სტრიპტიზი მოეწყო საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ის ან პოლიტიკაში სეთოდ ვერ ერკვევა ან ძალიან გულუბრყვილოა", - აღნიშნა კაციტაძემ.
მისივე თქმით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საგარეო ვალის ზრდა და "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის პარალელურად ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხელფასების და პრემიების ზრდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც არასასურველ კითხვებს, გვერდი აუარა.
"ჩვენ გუშინვე ვთქვით, რომ სააკაშვილი ამ პროექტით მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლს მოაწყობდა, სადაც თვითონ მთავარ როლში იქნებოდა და დანარჩენები კი ეპიზოდურ ან რეკვიზიტების როლებში. რეალურად ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ ჩვენი დასმული კითხვებიდან ორის სრული იგნორირება მოახდინა. აქედან ერთი საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალის ზრდის დინამიკას ეხებოდა, რომელიც 2003 წლის ბოლოდან დღემდე 1 მილარდ 800 მილიონი ლარიდან დღეს უკვე 10 მილიარდ 600 მილიონამდე გაიზარდა, მათ შორის 8 მილიარდ 700 მილიონიანი საგარეო ვალია. მეორე კითხვა კი ეხებოდა ყბადაღებულ ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და იმ პირობას, რომ ისიც და მისი ხელისუფლებაც იცხოვრებდნენ ისე, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. ეს დაპირებები არ შესრულდა", - აღნიშნა კაციტაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ასევე გვერდი აუარა პასუხი გაგეცა გავრცელებული ინფორმაციისთვის, რომ იგი აპირებს "ქამრების შემოჭერის" დროს პირადი მოხმარებისთვის ამერიკული ბოინგი-787-ის შესყიდვას, რომლის მინიმალური ფასი 150 მილიონიო დოლარია.
რაც შეეხება დევნილთა საკითხს, კაციტაძის შეფასებით, პრეზიდენტის სააკაშვილი ამ კითხვისთვის მომზადებული იყო და "საშინაო დავალება" სენტიმენტებით შეასრულა.
"სენტიმეტალურობით უპასუხა, რომ აფხაზეთი არის მისი მიწა, რომ ეს არის მის პირადი ბრძოლა, დევნილებს კი მისი დარი თანამგრძნობი პიროვნება არ ჰყავს და მისი დაღვრილი ცრემლები ეს არის გულწრფელობა და არა პიარისთვის დადგმული. ამ დროს კი დევნილების მიმართ განხორციელებული ქმედებები სხვა რამეზე მეტყველებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კაციტაძემ.
ამასთან, "ახალი მემარჯვენეების" შეფასებით, ყველაზე არაადეკვატური პასუხი სააკაშვილმა ფასების მატებასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გასცა.
"რაც შეეხება ფასების ზრდისა და ინფლაციაზე დასმულ კითხვებზე გაცემულმა პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა. თურმე ჩვენს ქვეყანაშიც და სხვაგანაც ფასების ზრდაც და ინფლაციაც გამოწვეულია, იმით, რომ ჩინელები ადრე ძალიან ცუდად ცხოვრობდნენ და ფაქტიურად საჭმელს არ ჭამდნენ. ახლა ჭამა დაუწყიათ და რადგან ძალიან ბევრნი არიან, ამან პროდუქტების ნაკლებობა გამოიწვია და შესაბამისად ფასების ზრდაც. ასევე ჩინელების ბრალი ყოფილა საწვავის გაძვირებაც, რადგან ვალოსიპედიდან ავტომანქანებზე გადამჯდარან. არ ვიცი ამას რა დავარქვა - აბუჩად აგდება თუ უბრალოდ უცოდინრობა. ეს ნამდვილად არ იყო ადეკვატური პასუხი იმ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, რასაც ფასების ზრდა ჰქვია", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პროექტის "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს" ფარგლებში კითხვებს პირდაპირ ეთერში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.