საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ გამოყენებული იყო ჰომოფობიური სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეკეთა საყურე, - ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატმა მარიამ ყველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სორდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა და უნდა შეხვედროდა მეგობრებს, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით ითხოვდნენ მის პირადობის მოწმობას. საბას მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. პირადობა მიაწოდა, ამის შემდეგ სთხოვეს, რომ ასევე გაეხსნა ჩანთა, რაზეც დაემორჩილა და ჩანთა გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოინდომეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა მოკიდეს მას ხელი, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს მარჯანიშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში მისთვის არ უთქვამთ ,რომ აკავებდნენ და გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნისას მის მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეკეთა საყურე. ასევე მას ჩამოართვეს გოუ-პრო, რომელიც არის ახლა პოლიციაში, საბამ სთხოვა, რომ არ დაკარგულიყო კამერა, რაზეც უთხრეს, რომ თუ კიდევ გაიმეორებდ,ა დაუმტვრევდნენ კამერას. რაც არის პოლიციელის მხრიდან შეუსაბამო საქციელი.
ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მივმართოთ სახალხო დამცველსაც ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიურ მიმართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუ 48 საათით გაუგრძელებენ, სასამართლოში გადაიყვანენ, ან ხელწერილით გამოუშვებენ ხვალვე. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით." - განაცხადა მარიამ ყველაშვილმა.