„ნაცებთან“ გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის ძალიან თანმიმდევრული იყო. ეს არის შეუძლებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, პარტიას არც მოლოდინი შეუქმნია, არც დაპირება გაუცია და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ჰქონდა აღებული.
„ამას ვამბობდით არჩევნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაყალბდებოდა არჩევნები და ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჩვენ „ნაცებთან“ ხელისუფლებაში ყოფნასაც კი არ ვაპირებდით. ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა ქვეყნის ეროვნულ მომავალს შეეხება საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლას, ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ამ ხალხთან კოორდინაცია შესაძლებელია. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ გაერთიანება არის აბსურდი.
როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად და პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძის, ღირსეული ადამიანის გვერდით, პოლიტიკურ სივრცეში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დააყენებს მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როგორც პოლიტპატიმრის, ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ეს შეუძლებელს ხდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ერთიანობას. ეს არის ბრძოლა. ჩვენ ასე გვაქვს დაგეგმილი, მივყვებით ამ გეგმას – ბრძოლას რეჟიმის, ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ეს ადამიანები თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. ჯერ გაერთიანებაზე ამბობენ რაღაცას, შემდეგ – კოორდინაციაზე, მესამე დღეს – 31-32 მარტზე, რაღაც გაუგებარზე. ეს თუ მათი არათანმიმდევრულობის პრობლემაა – მათი პრობლემაა. ჩვენ ამ საკითხში ყოველთვის თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით ვიყავით წარმოდგენილი. თავად გაერთიანდნენ, ვინც ადრე ერთმანეთის გვერდით იბრძოდნენ, ერთად იყვნენ, რაღაცისთვის იბრძოდნენ, გაერთიანდნენ. ხომ ამბობენ, რომ ეს მათი ბრძოლის გზაა. ადგნენ და გაერთიანდნენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.