სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება, - ამის შესახებ წერს 'ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომის ეტაპზე.
როგორც საია-ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაშია აღნიშნული, წინასასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება შემდეგი პრობლემები, მათ შორის, არის საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა.
„საია აკვირდება აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესებს. ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა (მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს - 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით) 64-ია. მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე პირის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ათიდან რვას ე.წ. საპატიმრო სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 1 ამ დროისთვის აქციების კონტექსტში ბრალდებულთა უმრავლესობა, რომელთაც პირველივე ეტაპზე პატიმრობა შეეფარდა (46 პირიდან 40) პატიმრობაში რჩება.
წინასასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება შემდეგი პრობლემები: მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.
ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლომ სრულად დასაშვებად სცნო პროკურატურის (ბრალდების მხარე) ყველა მტკიცებულება, გამონაკლისი მხოლოდ ერთ მზია ამაღლობელის საქმეზე მოხდა, სადაც მოსამართლემ ერთი მოწმე ამორიცხა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან. რვაპირიან (ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის) და თერთმეტპირიან (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის) საქმეებზე დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი შუამდგომლობდა პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხიდან ვიდეო-ჩანაწერების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ საჯარო წყაროებში გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა უნდა მომხდარიყო კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების გზით - დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვით - სსსკ-ის 136-ე მუხლით. კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
დაცვის მხარის წარმომადგენლების არგუმენტაციით, ვიდეო-მასალები, რომლებიც განთავსებული იყო საჯარო სივრცეში (YouTube პლატფორმაზე, სოციალურ-ქსელებში ანდა გარკვეული მედიასაშუალების გვერდზე) იმ საფუძვლით უნდა ყოფილიყო დაუშვებელი, რომ მათი მოპოვების წესი იყო დარღვეული, მათზე უნდა გავრცელებულიყო არა სსსკ-ის 125-126-ე მუხლები, არამედ სპეციალური 136-ე მუხლი, რადგან საქმე კომპიუტერულ მონაცემს შეეხებოდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელის საქმეზე ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ პროკურატურას დაუკმაყოფილა და დაუშვებლად სცნო დაცვის მხარის მიერ დათვალიერების გზით მოპოვებული მტკიცებულები. კერძოდ, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განჩინებაში განმარტავს, რომ „2025 წლის 05 თებერვალს “myvideo”-ს საიტის, 12 თებერვალს, 23 თებერვალს და 24 თებერვალს „youtube”-ს საიტის დათვალიერებისას მოპოვებული ვიდეოფაილები, გადმოწერილი კომპიუტერში და ჩაწერილი ლაზერულ დისკებზე და შემდეგ თანდართული დათვალიერების ოქმებზე წარმოადგენს - კომპიუტერულ სისტემაში არსებულ მონაცემებს, რომლის გამოთხოვის, მოპოვების და არა დათვალიერებით მიღების წესი გათვალისწინებულია სსსკ-ის 136-ე მუხლის დებულებებით. დაცვის მხარეს ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით ჰქონდა განჩინების მოპოვების შესაძლებლობა, რაც მას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. თუმცა კანონი მხარეს აძლევს უფლებას საქართველოს სსკ-ის 125-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ანუ ჩატარებულ იქნას და დათვალიერებულ იქნას ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დათვალიერების ოქმების შედგენისას დაცულია და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაცვის მხარემ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა, თუმცა იმდენად რამდენადაც, საქმისთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია კომპიუტერულ სისტემაში დაცული იყო კომპიუტერული მონაცემების სახით, ადვოკატების მიერ ლაზერულ დისკზე ჩაწერა და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დართვა სცდება დათვალიერების მიზანს და ეწინააღმდეგება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში დათვალიერება გადაიზარდა ინფორმაციის გამოთხოვაში.“
მართალია, რომ სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება“, - ნათქვამია აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომის ეტაპთან დაკავშირებით საიას შეფასებაში