ჩვენ რაც დაანონსებული გვქონდა, ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას, რადგან ქართველი ხალხი ამას უკვე 12 წელია ელოდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმას, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„საგამოძიებო კომისიას ვინც უყურებს უკვე ხედავს რა მჟღავნდება. მაგალითად, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ომთან დაკავშირებით [ვისმენთ] როგორი ქაოსი იყო, როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირ ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი - არც მოქალაქეები გაუფრთხილებიათ არც კოდორის ხეობაში და არც ცხინვალში. მიატოვეს სასიკვდილოდ და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია აიკრძალოს. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, ჩვენ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს უკვე პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გავუგზავნით და ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.