საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კავკასიის პირველი საინფორმაციოს" პირდაპირ ეთერში თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რესტავრაციის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ეკლესია აღადგინა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად პრეზიდენტი ადრეული შუასაუკუნეების შედევრს, თურქეთში არსებულ ძეგლებს მიიჩნევს.
პრეზიდენტის თქმით, თურქული მხარე ქართული ძეგლების აღდგენაზე თანხმობას გამოთქვამს, მაგრამ ბათუმში კომუნისტების დროს დანგრეული მეჩეთის აღდგენას ითხოვს. ამასთან, თურქები თანხმდებიან, რომ ეს მეჩეთი უმოქმედო იყოს.
"ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა. საქართველოში მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს, პრეზიდენტიც მართლმადიდებელი ქრისტიანია. მაგრამ აქ არის ასეულათასობით მუსლიმანი, საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ვინც ამბობს, რომ მეჩეთის აშენება არის ანტიქართული მოვლენა, ამით ამბობს, რომ ეს მუსლიმანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში", _ აცხადებს პრეზიდენტი.
იგი შეახსენებს საზოგადოებას, რომ ქართველებმა ეს გზა გაიარეს და ამ სენმა ბევრი უბედურება დაგვატეხა. მეტიც, რუსეთს ჩვენი დაბომბვის კოზირი მისცა.
"რამდენჯერ უნდა გავიაროთ ეს გზა, ამით ეუბნები ბორჯომელ, ხულოელ, მარნეულელ მუსლიმანს, ეუბნები რომ მისი ადგილი საქართველოში არაა. დავით აღმაშენებელი დადიოდა მეჩეთში, სინაგოგაში", _ განაცხადა მან.
სააკაშვილის სიტყვით, ვინც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია, ხელი უნდა მოაწეროს იმასაც, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენი მთავარი ისტორიული მემკვიდრეობა დაინგრევა და განადგურდება.
"საქართველოში დღეს მოქმედებს 200-ზე მეტი მეჩეთი. ჩვენს მტერს არ სძინავს. სად გვაქვს ფუფუნება ამ სიტუაციის ამღვრევის, ვიყოთ რეალისტები. თუ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, უნდა გავიზარდოთ", _ დასძენს სააკაშვილი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ვალდებულია, ყველა რელიგიას თანაბრად სცეს პატივი.