„როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა.
კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „დინამო არენაზე“ საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტს და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი დასაგმობია.
„ცხადია, არ იყო სასიამოვო სანახავი. ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ბევრმა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანა თემა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თუნდაც საუბარი იმაზე, რომ ეს ჩვენს ძმობას, მეგობრობას აზიანებს. ამ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ფაქტი აუცილებლად დასაგმობია. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედება. როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება. ამ ტიპის ქმედებები დამაზიანებელია. შესაძლოა, შემდეგი თამაშები გულშემატკივრის გარეშე ჩატარდეს და მაყურებელს დასწრება აუკრძალონ. ვიმედოვნებთ, რომ უეფა ამ ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს სომეხ და-ძმებს - მათ მეგობრობას და ძმობას ვუდასტურებთ. რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრებს იმისთვის, რომ ბოლო ორ თამაშში მაღალი კლასი აჩვენეს.
„ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ მივულოცავ ამ საოცარ გამარჯვებას. ორივე შეხვედრაში გუნდმა მაღალი კლასი აჩვენა და ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთის ფედერაციის დამსახურებაა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მე ერევანშიც ვიმყოფებოდი თამაშზე და იქ ნამდვილად არ იგრძნობოდა ის, რომ ნაკრები გასვლით შეხვედრას ატარებდა. იმდენი გულშემატკივარი იყო თითქოს, თბილისში ვთამაშობდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.