მთავარი არხის დირექტორის, გიორგი ქურდაძის განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა, კობა ნაყოფიამ ორი კვირის წინ "მიიტაცეს არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია ნიუ სეილსის ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა".
ქურდაძის თქმით, არხის ვალი ამჟამად მთლიანობაში 25 მილიონს აღემატება.
"ტვ პირველის 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და მთავარი არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: "მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი", რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა. ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მთავარ არხს ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი.
მთავარ არხს დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფისა მილიონობით დავალიანებებზე. მთლიანობაში მთავარი არხის ვალი 25 მლნ-ს აღემატება.
ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ მთავარ არხს, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს მთავარი არხი და მიიტაცეს მთავარი არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია "ნიუ სეილსის" ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა.
სარეკლამო კომპანია "ნიუ სეილსი" ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით. "ნიუ სეილსის" ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა. ხოლო ფიქტიური დირექტორი - ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე.
ნიუ სეილსში აკუმულირებული მთავარი არხის 4 მლნ-მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს. ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ მთავარ არხს, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედეგად კი მთავარს არხს მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.
ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს მთავარი არხი, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარი არხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც მთავარი არხი ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.
ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე". - ნათქვამია განცხადებაში.