"ჩვენი მთავარი პასუხი ინფლაციაზე, სიღარიბეზე, ჯანდაცვის განვითარების მოთხოვნებზე, ადამიანის წინსვლაზე და ოკუპაციაზე - ეს არის უფრო წარმატებული ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება დასაქმებას", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 6 არის დადებითი საიმიგრაციო ბალანსი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შემოდის უფრო მეტი, ვიდრე გადის.
"ეს არის ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდობა არ მიდის, მათ აქ გაუჩნდათ საშუალებები. ბევრი უმუშევარია, მაგრამ გაჩნდა პერსპექტივის განცდა და ეს არის პოზიტიური დინამიკა", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში შარშან იყო პირველი წელი, როცა სტატისტიკურად უმუშევრობა შემცირდა.
"აქამდე სამუშაო ადგილები იქმნებოდა კერძო სექტორებში. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როდესაც დაიწყო მსოფლიო კრიზისი. მოხდა უმუშევრობის გაზრდა და წელს ეს ყველაფრი ასე თუ ისე დაბალანსდა. კერძო სექტორმა მოახდინა გარკვეული შემცირება. ჩვენი მთავარი შანსები ამის შესამცირებლად არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
უმუშევრობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილებს არ ქმნის სახელმწიფო. მეტიც: თუ ქმნის, ის კლავს კერძო სექტორს.
"მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს უნარი და ვალდებულება: თუ ჩვენ არ მივეცით აუცილებელი კვალიფიკაცია ეს საკითხი არ დაიძრება. ერთ-ერთ სოფელში გზას აგებენ უცხოელი მუშები 150 ლარად. იქვე დგას სოფლის ახალგაზრდობა, რომლებიც ამბობენ, რომ 150 ლარად ამას არ გააკეთებენ. აზიიდან ჩამოსული მუშა მათ უგებს გზას 150 ლარად. თუ ჩვენ არ ვისწავლეთ, რომ ასეთი ფორმით უნდა დავიწყოთ და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, არაფერი გამოგვივა", _ განაცხადა სააკაშვილმა.