საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველ კავკასიურ არხს" ეთერში გასვლა მიულოცა.
"მინდა მივულოცო "პირველ კავკასიურ არხს" ამოქმედება. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა. საზოგადოებაში ბევრმა არ იცის, რა არხი შეიქმნა, თუმცა ამ არხის შექმნისთვის საქართველოში უმაღლესი კლასის ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს "ალ ჯაზირა". ეს არის უმაღლესი კლასის დასავლური თავისუფალი მედიის ჟურნალისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში დაეფუძნებინათ ტელევიზია", - სწორედ "პირველი კავკასიური არხის" თანამშრომლებისთვის მილოცვით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ტელეხიდი, რომლის ფარგლებშიც ის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნულმა არხმა მაუწყებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა და სარედაქციო პოლიტიკის კუთხით სრული თავისუფლება მიიღეს.
"დარწმუნებულები ვართ, მათ ექნებათ საშუალება, გავლენა მოახდინონ მთელ რეგიონზე. საქართველოსთვის ეს არის ძალზე სასარგებლო. მინდა გითხრათ მადლობა ამ ყველაფრის აწყობისთვის, რასაც მრავალი თვე დასჭირდა, და გისურვოთ წარმატებები", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა არხის ხელმძღვანელობას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სწორედ "პირველი კავკასიური არხის" სტუდიაში საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.