დღევანდელ გადაწყვეტილებას საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი მისი მორიგი ბრალდების სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედიდან დისტანციურად ერთვება.
"მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა.
თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის . ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და 1 პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ვერ ავუხსნი, მაგრამ მე მგონი მასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.
ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს." აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამანაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მარტს გამოაცხადა.
უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილსთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.