სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით სტუდენტის სტატუსის შეუწყდათ და სტუდენტების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არის აშკარად უსამართლო, თვითნებური და მიზნად ისახავს პროტესტში ჩართული სტუდენტების დევნასა და პროტესტის დასუსტებას. ამასთან, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს:
აღუდგინოს სტუდენტებს სტატუსი და არ შეუზღუდოს მათ სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და განათლების მიღების უფლება;
უზრუნველყონ სტუდენტების მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა, მათ შორის, უნივერსიტეტის ჭერქვეშ.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროტესტის ფარგლებში თეატრალური უნივერსიტეტის შენობის რამდენიმე სივრცეს, ფოიეს მცირე ნაწილს და ერთ აუდიტორიას, გასული წლის 17 დეკემბრიდან იკავებდა. პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნასთან ერთად, ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორისგან, გიორგი შალუტაშვილისგან აქციებზე დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, მსახიობების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებასაც ითხოვდნენ.
9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ შენობაში მყოფი თითოეული სტუდენტი 9 სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმა. საბოლოოდ, სტუდენტებმა 83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებებს იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. SJC-ის შეფასებით, აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია და უხეშად არღვევს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს.