ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს პრეზიდენტ სააკაშვილისგან პასუხის მოსმენა მხოლოდ მისი გადადგომის შესახებ შეკითხვაზე სურს.
"ჟურნალისტების საშუალებით მიხეილ სააკაშვილს ვუგზავნი ჩემს შეკითხვას - როდის გადადგება? გადაცემის დროს შევეცდები პირდაპირ ეთერში ეს შეკითხვა მას თვითონ დავუსვა, მაგრამ მეეჭვება, რომ მისმა ამფსონებმა ამის საშუალება მომცენ", - განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, "ლეიბორისტების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ მის მსგავსად სააკაშვილის გადადგომის საკითხი ყველა ჭეშმარიტ ქართველს აწუხებს და შესაბამის შეკითხვას "ვინმე მაინც დასვამს".
"საზოგადოების უმრავლესობის ერთადერთი სურვილია, პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილი გადადგეს და აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე, ციხეში, რადგან მან საკუთარი დანაშაულებებით ქვეყანა, რომელიც 2003 წელს ტაშისკვრით ჩაიბარა, დაშალა და კიდევ უფრო დიდი დანაშაული ის არის, რომ ამას ვერც გრძნობს", - განმარტა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის შეკითხვებს დღეს, 18:00 საათზე უპასუხებს. ტელეხიდი "პირველი კავკასიურის" სტუდიიდან გაიმართება.
სპეციალურად ამ პროექტისთვის საინფორმაციო ცენტრი გუშინ ამოქმედდა. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ქვეყნის პირველ პირთან შეკითხვა აქვს, შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს ან ის ელექტრონულ მისამართლზე გადაგზავნოს.