ნურავის გაუკვირდება, როდესაც ხისტად ვრეაგირებთ ისეთი ტიპის განცხადებებზე, როდესაც ქვეყანას გაუმართლებელი რისკების აღებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
მახაშვილის შეფასებით, ეს სანქციები ნულის ტოლფასია.
„ბოლო სამი წელია, იმავეს ვაკვირდებით. სამი ქვეყანა ახსენეთ, სხვა ქვეყნებიც და სხვა კონკრეტული სახელი და გვარებიც გვახსოვს, კონკრეტული საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩემი უშუალო კოლეგებიც გვახსოვს პარლამენტის წინ და ისიც, რას მოითხოვდნენ – უკრაინული მაიდნის სცენარის განვითარებას და აქ გათამაშებას. ბევრისთვის ეს არის თამაში. ჩვენთვის ეს თამაში არ არის, ძალიან სერიოზული, ამ ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ამიტომ, ნურავის გაუკვირდება, როდესაც ხისტად ვრეაგირებთ ისეთი ტიპის განცხადებებზე, როდესაც ეს ძალები ქვეყანას გაუმართლებელი რისკების აღებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტულ პირებზე დაწესებული სანქციები არც მეტი არც ნაკლები, ნულის ტოლფასია. ნათელია, რას ურტყამენ, სად არტყამენ და რის ჩამოშლას ცდილობენ. სახელმწიფოს იმ ინსტიტუტების ჩამოშლას ცდილობენ, რომლებიც ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს არის მათი მიზანი. მეტიც, ამის იქითაც წავიდნენ, ლაშა ტალახაძის მაგალითი რომ ავიღოთ – არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში რამდენი ადამიანი მოიძებნება, რომელსაც საქართველოს და ქართველების ღირსება, სახელი ისე ჰქონდეს დაცული, ისე იცავდეს შინ თუ გარეთ, როგორც ლაშა ტალახაძეს. გასაგებია, რომ ურტყამენ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძვირფასია, რაც არ გამოსვლიათ და არც გამოუვათ. სამწუხარო ის არის, რომ ეს ქვეყნები იმავე შეცდომას იმეორებენ, რასაც გასული სამი წლის მანძილზე აკეთებდნენ. მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, რომ ხვალ თუ ზეგ, ადრე თუ გვიან ქართველ ხალხთან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდეთ, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებლად მოგვიწევს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
.