„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ არ სურს, საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლების გასაჯაროება, რადგან შედეგები იგივეა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში ჩატარებული ბოლო ორი არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები ხმების პარალელურ დათვლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ.
„ყველაფერი ცხადი და ნათელია. არაფერი განსხვავებული არ არის. იგივე შედეგია, რაც გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ბოლო ორ არჩევნებში აღნიშნულ დათვლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა USAID-ის მხრიდან. გვახსოვს, რა განცხადებები გაკეთდა და როგორი პროცესები განვითარდა მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც პარალელური დათვლები გააყალბეს და ამის ნიადაგზე, გამოყარეს თავიანთი კრიმინალი რადიკალები - გვახსოვს აქციები ცესკო-სთან, რუსთაველის გამზირზე და ა.შ. იგივე პროცესები იყო ამჯერადაც - დათვლები გააკეთეს, თუმცა შედეგები იგივეა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. შესაბამისად, მათ არ აქვთ სურვილი, შედეგები წარუდგინონ საზოგადოებას და უთხრან სიმართლე, რეალობა რაც იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.