2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge
"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:
ძირითად ეტაპზე - 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge." - წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ცენტრის ცნობითვე, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას.