შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, უკრაინის სამხედრო დახმარება შეჩერდა. იტყობინება ამერიკული მედია.
მედიის ინფორმაციით, ყოველგვარი სამხედრო დახმარება შეჩერდება, ვიდრე უკრაინის ხელმძღვანელობა "არ გამოამჟღავნებს მშვიდობისადმი ერთგულებას".
"პრეზიდენტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ იგი მშვიდობის ერთგულია. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ ერთგულნი ამ მიზნის მიმართ. ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას", - თქვა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, რომლის სიტყვებსაც საერთაშორისო მედია ციტირებს.
თავად ტრამპს, რომელიც ხშირად აჟღერებს თავის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში, ამჯერად კომენტარი არ გაუკეთებია.
"ეს არ არის დახმარების შეწყვეტა, ეს არის პაუზა", - ციტირებს ტელეარხი Fox News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
ტელეარხის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ტრამპმა კონსულტაციები გაიარა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შეჩერების გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ყველა ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელიც ჯერ არ არის უკრაინაში და იმყოფება გადაზიდვის პროცესში, ასევე პოლონეთის სატრანზიტო ტერიტორიაზე არსებულ შეიარაღებაზე.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მიერ დახმარების შეჩერება ძირს გამოუთხრის კიევის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს რუსული საოკუპაციო ჯარების წინსვლას.
ამასთან, გამოცემა ვარაუდობს, რომ ახალი მარაგების მიღებამდე, უკრაინას დიდი ალბათობით ექნება საკმარისი იარაღი, რათა განაგრძოს რუსეთის თავდასხმისგან თავდაცვა მიმდინარე ტემპით შუა წლამდე. ეს ნაწილობრივ განპირობებულია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელმაც მკვეთრად გაზარდა კიევისთვის იარაღის მიწოდება ტრამპის ინაუგურაციამდე.