პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა დაუბრუნდეს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის გარდა მსოფლიოში სხვა ძალა არ არსებობს, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს რუსული აგრესია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
მისი თქმით, 2014 წელს დაწყებული ომის დასრულების სხვადასხვა მცდელობა იყო. ამ დროის განმავლობაში დიდი დისკუსიები იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან რუსეთმა 2022 წელს დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
"მას შემდეგ არავინ იცის როგორ შეაჩეროს ეს აგრესია. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა სცადოს. მე ვერ ვხედავ სხვა ძალას მსოფლიოში, აშშ-ის გარდა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს რუსული აგრესია", - აღნიშნა დუდამ.