უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხებას აშშ-სთან ერთად უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ერთობლივ მოპოვებას.
„უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი ახლა მზად არის მოაწეროს ხელი შეთანხმებას საკუთარი მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, ერთობლივ ათვისებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა 500 მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალზე რესურსების განვითარებისგან“, - აღნიშნულია სტატიაში
Financial Times-თან საუბრისას უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ შეთანხმების ახალი ვარიანტი წინასთან შედარებით ბევრად უფრო სასარგებლოა უკრაინისთვის და ხელს შეუწყობს აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებას.
გამოცემის წყაროების ცნობით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება გაცილებით მომგებიან პირობებზე. აღნიშნული შეთანხმება კი წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობებს გააფართოებს და კიევის სამომავლო პერსპექტივებს განამტკიცებს, განსაკუთრებით სამწლიანი ომის შემდეგ.
ტრამპის ადმინისტრაცია თავდაპირვლეად ითხოვდა საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელშიც აშშ შეინარჩუნებდა ფინანსური ინტერესების 100%-ს, ხოლო უკრაინა მინერალური რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის 50%-ს შეიტანდა ფონდში, მაქსიმუმ, $500 მილიარდამდე. ეს პირობები შეთანხმების ახალი დოკუმენტიდან ამოღებულია.