ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოთხიდან ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც ისრაელს ჰამასის მებრძოლებმა გადასცეს მძევალ შირი სილბერმან ბიბასს არ ეკუთვნის.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცხედრების დაბრუნებამ, შემაძრწუნებელი ცერემონიის თანხლებით, ისრაელში აღშფოთება გამოიწვია.
ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის, არიელ და კფირ ბიბასების ცხედრები იდენტიფიცირებულია.
„კფირი და არიელი ცოცხლები გაიტაცეს დედასთან ერთად, მაგრამ დაბრუნდნენ კუბოებში და მარტონი“, - წერს ისრაელის არმია პლატფორმა X-ზე.
სამხედროებმა ასევე დაადასტურეს, რომ ერთი ცხედარი ეკუთვნის ოდედ ლიფშიცს, რომელიც 83 წლის იყო, როდესაც ის ჰამასმა 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცა .
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კიდევ ერთი ცხედარი, რომელიც ჰამასის მტკიცებით, შირი სილბერმან ბიბასს ეკუთვნოდა, არ ემთხვევა სხვა მძევლების დნმ-ს. ”ეს არის ამოუცნობი ცხედარი”, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჰამასს, დააბრუნოს შირი ბიბასი და ყველა გატაცებული“, - დაწერა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ავიჩაი ადრეიმ Telegram-ზე.
ავიჩაი ადრეის თქმით, კომპეტენტური ორგანოების შეფასებით და არსებული ინფორმაციისა და დიაგნოსტიკური მაჩვენებლების საფუძველზე, არიელ და კფირ ბიბასები 2023 წლის ნოემბერში ტერორისტებმა ტყვეობაში სასტიკად მოკლეს.
ჰამასი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ არიელი და კფირ ბიბასები დაიღუპნენ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვისას. არიელი გატაცებისას ოთხი წლის იყო კფირი კი რვა თვის.
კფირ ბიბასი 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 251 მძევლიდან ყველაზე პატარა იყო. ბავშვების მამა, 35 წლის იარდენ ბიბასი 1-ელ თებერვალს გაათავისუფლეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი გმობს ჰამასის ენით აუწერელ ცინიზმს შირი ბიბასის ნაცვლად ღაზის მკვიდრის ცხედრის გადაცემის გამო.
"ჰამასის მხეცების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს". მათ არამარტო გაიტაცეს მამა, იარდენ ბიბასი, ახალგაზრდა დედა შირი და მათი ორი პატარა შვილი, არამედ ენით აუწერელი ცინიზმით არ დააბრუნეს შირი თავის პატარა შვილებთან ერთად და მის ნაცვლად კუბოში ღაზელი ქალის ცხედარი მოათავსეს", - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.
20 თებერვალს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრები გადასცა. მათ შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ.
ტერორისტებმა წითელი ჯვრისთვის ცხედრების გადაცემამდე ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში, ტრადიციულად, სცენა მოაწყვეს და სცენაზე 4 შავი კუბო დემონსტრაციულად დაასვენეს. სცენაზე აღმართულ ბანერზე დაღუპული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო გამოტანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირს. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.