„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით მოინახულა.
მისივე თქმით, ლაშა ჯიოშვილს კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას უკანონოდ ედავებიან.
„რაიმე სახის ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია დაკავების მომენტში. მანქანაში გადაყვანის დროს აქვს მხოლოდ სისხლჩაქცევა მიღებული მარცხენა მხარეს. სცადეს ასევე ტელეფონზე პაროლის მოხსნა და ტელეფონის ნახვა. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხალხმა, ტელევიზიამ და ყურადღებამ გადაარჩინა ადამიანი, რომ არ გახდა ძალადობის კიდევ ერთ-ერთი მსხვერპლი.
უკანონოდ ედავებიან კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსურდი. არანაირ კანონიერ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, მეტიც, პირველივე წამიდან, როდესაც ლაშამ დაინახა სამართალდამცავები მათი მისამართით წავიდა, რადგან იქ ვინც იყო ისინი ეგონა ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც სინამდვილეში აღმოჩნდნენ სამართალდამცავები. იმ მიზნით, რომ სამართალდამცავები დაეხმარებოდნენ პირიქით აღმოჩნდა, რეალურად სამარლდამცველებმა დააკავეს უკანონოდ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ვიდრე აიყვანეს სამმართველოში მანამდე შეუძლებელი უყო დადგენა დაკავებული ჰყავდა პოლიციას თუ უბრალოდ ვინმემ აღუკვეთა მას თავისუფლება. არგუმენტი ის იყო, რომ მას ჰქონდა ე.წ. სანათი პოლიციის ფერებში, რაც ყველამ, ვიცით, რომ 250 თუ 300 ლარი ღირს და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, დააყენოს მანქანაზე. დაველოდებით პროცესს. სავარაუდოდ, 48 საათის განმავლობაში იზოლატორში დარჩება და პროცესზე უკვე ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ფოტო: პირველი არხი