რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩება საფრთხედ ევროპის ქვეყნებისთვის. ამის შესახებ განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დოიჩე ველესთან ინტერვიუში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.
"რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა მომავალი 20-30 წლის განმავლობაში. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ, მოსაზღვრე ქვეყნებს ეს ძალიან კარგად გვესმის", - განაცხადა მან.
უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე საუბრისას ნაუსედამ განაცხადა, რომ ის, რაც იქ ხდება, შეიძლება გადაწყდეს ორი გზით: სწრაფი გარიგებით ან შეთანხმებით, რომელიც მიღებული იქნება უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის.
„პირველი გზის გავლა შეცდომა იქნებოდა. იმიტომ, რომ ვფიქრობ, რუსეთი არ არის მზად სამართლიანი გარიგებისთვის. რუსეთს სურს ამოისუნთქოს გადაჯგუფებისთვის, მეტი საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის და შემდეგი თავდასხმის განხორციელებისთვის.
არ ვიცი სად იქნება [თავდასხმა]: შესაძლოა უკრაინაში, შესაძლოა იყოს სხვა სამიზნეები, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები“, - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მეორე ვარიანტი, ნაუსედას თქმით, არის ის, რომ რუსეთს ძლიერი პოზიციიდან უნდა ელაპარაკო.
„შესაძლოა, უკრაინა არ არის მზად ძალის პოზიციიდან ისაუბროს, მაგრამ შეერთებული შტატები მზად არის. მა შეუძლია სანქციების დაწესება, ნავთობის ფასების შემცირება მთელ მსოფლიოში. და ეს ძლიერ დარტყმას მოახდენდა რუსეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ნაუსედამ.