გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის შედარება ევროპაში დემოკრატიის იმ წესრიგთან, რომელიც სუფევს ავტორიტარულ რეჟიმებში, მიუღებელია.
ამის შესახებ პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ვერ დაიწყებდა გამოსვლას ისე, როგორც დაგეგმილი იყო, რადგან უნდა ეპასუხა ჯეი დი ვენსის მკაცრ კრიტიკაზე, რომელიც მან გააკეთა კონფერენციაზე პისტორიუსის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.
„ახლახან დემოკრატია ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა - და არა მხოლოდ გერმანიის დემოკრატია, არამედ მთელი ევროპის.
თუ სწორად გავიგე, ევროპაში შექმნილ პირობებს ადარებს ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში არსებულ პირობებს, რომლებიც პრიორიტეტულია. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია“, - თქვა პისტორიუსმა.
მინისტრის თქმით, იმ დემოკრატიაში, სადაც ის ცხოვრობს და ამჟამად კამპანიას აწარმოებს, ყველა მოსაზრებას აქვს საკუთარი ხმა. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ექსტრემისტულ პარტიებს, როგორიცაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შეუძლიათ, ნორმალურად კამპანიის წარმოება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის მტკიცედ ეწინააღმდეგება ვენსის წარმოდგენას, რომ ევროპა ახშობს უმცირესობების ხმებს.
თუმცა, პისტორიუსმა თქვა, რომ დემოკრატიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა ექსტრემისტებისგან, რომლებსაც სურთ მისი განადგურება. პისტორიუსის თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ცხოვრობს ევროპაში „რომელიც ყოველდღიურად იცავს თავის დემოკრატიას შიდა და გარე მტრებისგან“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი არ არის მთავარი საფრთხე ევროპისთვის, არამედ მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა. ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა არჩევნების გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის დახურვა, არჩევნების შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა - ეს არის დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზა.