რუსეთი და ჩინეთი არ არის მთავარი საფრთხე ევროპისთვის, არამედ მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვენსის თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის საუბარზე მეტი უნდა გაკეთდეს.
ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა არჩევნების გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის დახურვა, არჩევნების შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა - ეს არის დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზა.
„მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ანალოგიური რამ შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, უკრაინის პოლიტიკიდან ციფრულ ცენზურამდე, ხორციელდებოდა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით, ხორციელდებოდა როგორც დემოკრატიის დაცვა, თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა ჩვენ შესაბამისად მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, დემოკრატია ეფუძნება პრინციპს, რომ ადამიანების ხმებს უნდა მოუსმინონ.
"მენდეთ, ამას მთელი იუმორით ვამბობ - თუ ამერიკულ დემოკრატიას შეუძლია, გრეტა ტუნბერგის 10-წლიან საყვედურებს გაუძლოს, თქვენც შეძლებთ, რამდენიმე თვით ილონ მასკს გადაურჩეთ. დემოკრატია ეფუძნება პრინციპს, რომ ადამიანების ხმებს უნდა მოუსმინონ", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.