აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, აპრილ-მაისისთვის შეეცდებიან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასა და რუსეთს შორის.
ამის შესახებ Financial Times [FT] 13 თებერვალს უკრაინელ და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა.
მათი თქმით, ტრამპს და პუტინს, სავარაუდოდ, სურთ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ორ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით: აღდგომას, რომელსაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები აღნიშნავენ 20 აპრილს ან 9 მაისს, როდესაც რუსეთი აღნიშნავს გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე.
FT-ის უკრაინული წყაროს ცნობით, პუტინის სურვილი იქნება გარიგების დადება ასეთ მნიშვნელოვან დღეს მოხდეს.
12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.
ტრამპის თქმით, ის და პუტინი შეთანხმდნენ, რომ სურთ მილიონობით ადამიანის სიკვდილის შეჩერება რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპის თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც მოიცავს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამის ზელენსკის პრესსპიკერის სერჰიი ნიკიფოროვის ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ამის შემდეგ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ტრამპთან.
„მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენი სურვილის შესახებ ვიმუშაოთ ერთად გუნდების დონეზე. ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ დრონების და სხვა თანამედროვე წარმოების შესახებ. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ინტერესისთვის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად.
განვიხილეთ ჩვენი საუბარი სკოტ ბესენტთან და ჩვენი ახალი შეთანხმების მომზადება უსაფრთხოებისა და ეკონომიკური და რესურსებით თანამშრომლობის შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები მომიწოდა“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე.
13 თებერვალს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შექმნა უკვე დაიწყო.