მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვის შემდეგ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, კითხვები ეხებოდა მის პოსტებსა და კომენტარებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, არ მიაჩნია, რომ მისი კომენტარები მუქარის შემცველია.
„არ ვიყავი საქმის კურსში, რა საქმესთან დაკავშირებით დამიბარეს. ეს არის ზოგადად აქციებზე მოწოდება ხალხის გამოსვლისკენ, ზოგ შემთხვევაში, ვიღაც ჩინოვნიკების მიმართ მუქარის შემცველი პოსტები – კითხვები იყო, მოვუწოდებ თუ არა საზოგადოებას, გამოვიდეს აქციებზე, როცა პოსტს ვაქვეყნებ, ასეთი მუქარის შემცველი ტონით რატომ ხდება. მე ავუხსენი, რომ ჩემი ქართულით შეიძლება, ეს თქვენთვის იყოს მუქარის ტონით, მაგრამ, როგორც ასეთი, ჩემი ქართულით არ არის. არ ვფიქრობ, რომ ჩემი გამოსვლები მუქარის შემცველია. და თუ მოვუწოდებ, მშვიდობიან აქციაზე გამოსვლისკენ და ა.შ. სხვა ისეთი არაფერი. ვუპასუხე, რომ არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც მე ვთვლი სწორად, იმას ვაკეთებ. უბრალოდ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი სხვა აზრის მქონე ადამიანი. ამიტომაც ჩემს კომენტარებს თვლიან მუქარად. მე ბევრჯერ მითქვამს, შევეწინააღმდეგოთ, არსად ყოფილა ნახსენები რამე სახის იარაღი, უბრალოდ შევეწინააღმდეგოთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენი სიმართლე რომ დავამტკიცოთ, ბრძოლას რომ ჰქონდეს აზრი. ამ სიტყვების შემცველი მოწოდება მოხდა. იარაღთან დაკავშირებით კითვები არ ყოფილა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ადვოკატ მარიამ ჩუთლაშვილის განმარტებით, ეს არ არის ახალი სისხლის სამართლის საქმე და აღნიშნულ საქმეზე უკვე წლებია, მიმდინარეობს გამოძიება.
„ამ შემთვევაში გამოკითვა შეეხებოდა „ფეისბუქზე“ მის აქტივობას, რაც უკავშირდება გარკვეული პოსტებისა და კომენტარების დაწერას. რამდენიმე კითხვა დაუსვეს ბატონ მალხაზს და მიიღეს პასუხები“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ ჩუთლაშვილმა.
საქმეს „გრიფი“ საიდუმლო ადევს.