თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა პარალელურად, უცხოელ პარტიონებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იმისთვის აირჩიეს, რომ გაატაროს თავისი ქვეყნის ინტერესები - ისეთი პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თავიანთი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ან ევროკავშირის რომელიმე გაზულუქებული ბიუროკრატი, რომელიც საქართველსოთან დაკავშირებით აკეთებს არასამართლიან განცხადებებს, ვერ იზრუნებს საქართველოზე. მათ, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები აქვთ. ჩვენც იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში, რომ ვალდებული ვართ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, გავატაროთ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს.
„რა თქმა უნდა, პარალელურად, მზად ვართ, გავაღრმაოთ ურთიერთობები ევროკასთან, აშშ-სთან. არავის მოსწონს ეს დესტრუქციული ურთიერთობა აშშ-სთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი, მოახერხებს, პირველ რიგში, დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს. საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები და კარგი მეგობრები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.