"ქრისტიან-დემოკრატები" რუსეთის ფედერაციის მიერ ფრანგული წარმოების სადესანტო ხომალდს "მისტრალის" შეძენას აპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბირიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ ინტენსიურად დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის და ტექნოლოგიების შეძენა.
მისი თქმით, რუსული მხარე გეგმავს ფრანგული წარმოების ვერტმფრენმზიდის "მისტრალის" შეძენას. როგორც მან აღნიშნა, ამ ფაქტის დამამტკიცებლად გამოდგება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის ადმირალ ვისოცკის განცხადება. ლალიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს შავი ზღვის შედარებით მცირე აკვატორიაში უკვე ჰაყვს განთავსებული 7 დიდი სადესანტო ხომალდი და ის ფაქტი რომ ემზადება ფრანგული ვერტმფრენმზიდის შესაძენად "სრულიად ნათელია, რომ რუსული მხარე გეგმავს შეტევით ოპერაციას და ემზადება საზღვაო დესანტის გადმოსხმისათვის საქართველოს ტერიტორიაზე".
ლალიაშვილის თქმით, ამ ვითარებაში კი საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის უნივერსალური სადესანტო ხომალდის "მისტრალის" მიყიდვის ფაქტი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს და მიიჩნევს, რომ "ეს უნდა იყოს ჩვენი პატრნიორი ქვეყნებისათვის განგაშის საფუძველი".
"საფრაგნეთი, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთისათვის აღნიშნული ხომალდის მიყიდვას აპირებს, მით უმეტეს რომ რუსეთი არ ასრულებს ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", _ განაცხადა ლალიაშვილმა და აღნიშნა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღინისძიებები და საგარეო უწყებამ გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები "ამ პოტენციური გარიგების პრევენციისათვის" და ასევე მოუწოდებს საფრანგეთს უარი თქვას რუსეთის ფედერაციისათვის აღნიშნული ტექნიკის და იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ოფიციალურ წერილს გაუგზავნის საფრანგეთის საელჩოს საქართველოში.