საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე მიემგზავრება. მისივე თქმით, დასავლელ კოლეგებს წარუდგნენ წინადადებებს და იმ პირების სიას, ვინც უნდა დასანქცირდნენ:
"პირველ რიგში უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვას როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ა.შ. ეს პასუხები სჭირდება მოსახლეობასაც. გამხნევებაც, მაგრამ ასევე გზის დანახებაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც და იყო პრეზიდენტი რაც მთავარია, კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი და ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმით.
მე ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს ვიხილავ. მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ "კოალიცია ცვლილებიდან" ბუნებრივია, ჩვენ გვექნებაა ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.