ბრიტანულ სტანდარტს არანაირი შეხება არ აქვს ცენზურასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"უპირველეს ყოვლისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ცენზურა. ცენზურა გულისხმობს წინასწარ კონტროლს და გაფილტვრას ინფორმაციის. ცენზურა გულისხმობს თქვენს რედაქციაში, ან სადმე რედაქციაში, როდესაც წინასწარ, ინფორმაციის გასვლამდე ხდება მისი კონტროლი. ეს არის ცენზურა!
არანაირი შეხება ცენზურასთან ბრიტანულ სტანდარტს არ აქვს.
ბრიტანული სტანდარტი, BBC-ის სტანდარტი აიღეთ თუნდაც, ეხება უკვე გასული ინფორმაციის შემდეგ შეფასებას, თუკი ის იყო ტყუილის შემცველი, ცილისმწამებლური და ა.შ.
საუბარი გვაქვს იმაზე, რა ვქნა, რა ვუყოთ ჩვენ იმ Fake-ნიუსებს, სიყალბეს, რომელიც ვრცელდება მედიაში. არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს. მათ შორის, იმის გამო, რომ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორ ვებრძოლოთ Fake-ნიუსებს. ევროკავშირიც ამაზე ფიქრობს და ებრძვის, აშშ-ც ამაზე ფიქრობს და ებრძვის. ჩვენც ზუსტად ამაზე ვფიქრობთ და ვებრძვით.
მითუმეტეს, რომ ზუსტად ამ მხილებებმა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედებდა მთელი ქსელი, მედია-ორგანიზაციების, რამდენიმე ასეული, რაც ითქვა, რომელიც ზუსტად ერთი ნარატივის დაკვირვებაზე მუშაობდა, ყალბი ინფორმაციის ერთგვაროვნად გავრცელებაზე მუშაობდა და რა თქმა უნდა, ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება უპირველესყოვლისა, ჩვენი მოქალაქეები, რომ იყვნენ ინფორმირებული.
კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა დავიცვათ დეზინფორმაციისგან ჩვენი მოსახლეობა. დეზინფორმაციის დაცვად უნდა იყოს ინფორმაცია. როგორ ხდება ეს? როგორც მოხდება ბრიტანეთში, ზუსტად ისე, იმ სტანდარტებით, რაც საქართველოშიც არაა უცხო. მათ შორის, ყველა მედიას წესით უნდა ჰქონდეს საკუთარი შიდა სტანდარტი, ეთიკის კოდექსი, რომელიც ზუსტად ამას ამბობს: გადამოწმება, ინფორმაციის არგაშვება - ყალბი ინფორმაციის. ამაში არაბუნებრივი ხო არაფერი არ არის? - არა!
თავისით ეს არ რეგულირდება, თვითრეგულირება ე.წ. ჩვენ ვხედავთ, რომ არ მუშაობს. შესაბამისად, კანონმდებელი არის ვალდებული, რომ საკანონმდებლო რეგულირება გააკეთოს ამ საკითხის. რა არის ყველაზე კარგი სტანდარტი? - ბრიტანულია! თუ რამე სხვა სტანდარტი იცით, თქვით, მაგრამ ბრიტანული სტანდარტი და BBC-ზე მოქმედი სტანდარტი, ითვლება, რომ არის კარგი. ჩვენც ზუსტად იმ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ. რა არის ამაში ცუდი?
ერთადერთი, ვინც ამით შეიძლება შეწუხდეს, არიან ისინი, რომლებსაც სურთ, რომ ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ", - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.